
ინგა ბერაია ,,პერსონა 2025" წლის ტიტულს მიიღებს
- iosebkreformatv
- Apr 12
- 3 min read
წარმატებული და მრავალმხრივ ნიჭიერი ქალბატონი ფოთიდან ინგა ბერაია მხატვრობის ახალი ტექნიკით გამოირჩევა, მისი ხელწერა ხელოვნებაში ყველგან განსხვავებული და თვალშისაცემია. იგი კრისტალებით ქმნის ხელოვნების ნიმუშებს.
ინგა ბერაია ამბობს, რომ მისთვის ხატვა სულიერი გზაა.
გთავაზობთ ქალბატონ ინგა ბერაიას მონოლოგს - "მე ხელოვნება და საზოგადოება"
ხელოვნება ადამიანში თავიდანვე დაბადებულია. ის არ იწყება მაშინ, როცა ფუნჯს პირველად მოიმარჯვებ ან მუსიკას ჩართავ, ის იწყება მაშინ, როცა გრძნობ, ხედავ და შიგნით რაღაც გიძგერს. ზოგი ამას სიტყვებით გადმოსცემს, ზოგი მელოდიით, მე კი მხატვრობით.
თავიდან ხატვა ჩემთვის უბრალოდ ჰობი იყო შვება, სილაღე, გასართობი, მაგრამ მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე კრისტალებით ხატვის ტექნიკა, ყველაფერი შეიცვალა. ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ გატაცება, ეს გახდა ჩემი სერიოზული მიდგომა, ცხოვრების ნაწილი და შიდა მისია. თითქოს უფალმა ამ გზაზე დამაყენა,რომ ეს მისია შევასრულო. სწორედ მაშინ გავიაზრე, რამდენად ღრმა და შთამბეჭდავი შეიძლება იყოს ხელოვნება, როცა ის შენს სულთან სრულ ჰარმონიაში მოდის.
ჩემთვის ხატვა მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის ეს ჩემი სულიერი გზაა, შინაგანი სიჩუმის პოვნა ხმაურიან სამყაროში. ეს არის არტ-თერაპია, რომელიც მეხმარება, ემოციები და განცდები ფერებად, ფორმებად, მბზინავ ნატეხებად ვაქციო. როცა ვხატავ, რეალობას ვშორდები და იმ სივრცეში შევდივარ, სადაც მხოლოდ სილამაზე და შინაგანი სიმშვიდეა.
შეიძლება ვიღაცამ ტექნიკურად გადახატოს სურათი, მაგრამ ნამდვილი მხატვრობა გაცილებით ღრმა პროცესია. ის მოდის შინაგანი სამყაროდან. ხატვა არის სულის ცდა, მუდმივი მოძრაობა, რომელიც არასდროს არის ერთი და იგივე. სწორედ ეს შიგნიდან წამოსული ემოცია აქცევს ადამიანს მხატვრად და არა მხოლოდ ფუნჯისა და ფერის ფლობაში დაოსტატება.
შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩემთვის ბუნების სილამაზეა, მისი ფერები, სინათლე, სიმყუდროვე და სიმშვიდე იდეების გაცოცხლებაში მეხმარება. ბუნება თითქოს უხმოდ მასწავლის, როგორ გადავიტანო იდეა ტილოზე.
ჩემი შემოქმედება შერეული ტექნიკით იქმნება სხვადასხვა მასალის შერწყმით ახალ სინთეზს ვქმნი. თუმცა მთავარი მიმართულება, რაც ჩემს შინაგან ხმასთან ყველაზე ახლოს დგას, არის კრისტალებით მხატვრობა. ჩემი ნამუშევრები ავტორულია თითოეული მათგანი პატარა ისტორიაა, რომელიც ემოციასა და ფორმას შორის ბალანსს ქმნის.
ჩემს ნამუშევრებში აისახება როგორც კულტურული, ისე ბუნებრივი თემები, რომ ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს დაუკავშირდეს. ქართული ორნამენტები, წარსულის სიმბოლიკა, ტრადიციული ფერები ან თუნდაც ბუნების ელემენტები ეს ყველაფერი ჩემთვის ცოცხალი ენაა, რომელიც ახალ ფორმაში გადამაქვს. მინდა, რომ ჩემს შემოქმედებაში იყოს ის უწყვეტი დიალოგი, რომელიც წარსულიდან მოდის და მომავლისკენ მიდის.
ჩემი მისიაა, რომ კრისტალებით მხატვრობამ დაიმკვიდროს ადგილი ფართო საზოგადოებაში და ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ეს შინაგანი მოწოდებაა.
ბევრჯერ გვგონია, რომ ხელოვნება მხოლოდ კლასიკურ ტილოზე ან აკადემიურ სტილში ხატვაა, თუმცა სინამდვილეში ის გაცილებით თავისუფალი და ღრმა პროცესია.
კრისტალებით ხატვა ახალი ენაა ვიზუალური და სენსორული ხელოვნება, რომელსაც შეუძლია, არა მხოლოდ გამოსახოს, არამედ იგრძნოს და აგრძნობინოს.
ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა დაინახოს ხატვა არ ეკუთვნის მხოლოდ პროფესიას ან სტატუსს, ის ეკუთვნის გულს, რომელსაც სურს გამოხატვა. კრისტალებით ხატვა, საოცრად ღირებული გზაა.
ეს პროცესი ძვირფასია არა მხოლოდ მასალებით, არამედ თავისი შინაარსითა და შრომატევადი პროცესით. თითოეული ნამუშევრის შექმნა მოითხოვს საათობით ფიქრს, განწყობის სწორ გადმოცემას, ფორმების ზუსტ აგებას, მბზინავი დეტალების ფაქიზად განლაგებას. თითოეული კომპოზიცია არის დროის, ენერგიისა და სულიერი სიმძაფრის ნაზავი, რომელიც იმსახურებს დაფასებას როგორც ხელოვნების უნიკალური ფორმა.
იმედებს ვამყარებ ,რომ ჩემი შემოქმედება გახდება შთაგონების წყარო მათთვის, ვინც ხელოვნებას ქმნის და ვინც მასში ემოციასა და სინათლეს ეძებს. ძალიან მჯერა, რომ კრისტალებით მხატვრობა საქართველოში თავის ნამდვილ ადგილს იპოვის, რადგან ის ითხოვს სიღრმეს, ინდივიდუალიზმს, გულისხმიერებას და ღირებულებებს...თანამედროვე სამყაროში, ხელოვნება ხდება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბერკეტი. ის, რაც შთაგონებას, სიმშვიდესა და ძალას აძლევს ადამიანებს. სწორედ ამიტომ ვცდილობ, გავხადო ხატვა არა მხოლოდ ტექნიკური გამოცდილება, არამედ შინაგანი ცვლილების საშუალება.
ხელოვნება ჩემთვის არა მხოლოდ თვითგამოხატვაა, არამედ საუბარია სამყაროსთან ეს პროცესი მოითხოვს სიფრთხილეს, პროფესიულ მიდგომას და ყველაზე მთავარს სიყვარულს.
მჯერა, რომ კრისტალებით მხატვრობა ქართულ ხელოვნებაში ახალ სიცოცხლეს შთაბერავს და თავის განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს იქ, სადაც სილამაზესთან ერთად სიღრმის ჰარმონია იშლება.
მე ვქმნი იმიტომ, რომ არ შემიძლია არ შევქმნა. მე ვხატავ კრისტალებით იმიტომ, რომ ასე მესაუბრება სული. მე ვარ საზოგადოებაში იმიტომ, რომ ჩემი შემოქმედება ადამიანებამდე მივიტანო. ხელოვნება უსაზღვროა, სადაც სულის თავისუფლებას პოულობს.
コメント