top of page

ანა გულედანი — ქართული ფოლკლორის სიყვარულით შექმნილი გზა, რომელიც ახალ თაობას აერთიანებს

Sep 12
3 min read

ანა გულედანი — ქართული ფოლკლორის სიყვარულით შექმნილი გზა, რომელიც ახალ თაობას აერთიანებს

მუსიკოსი, მომღერალი და ქართული ფოლკლორის პედაგოგი ანა გულედანი თავისი შემოქმედებითი საქმიანობითა და ახალგაზრდა თაობის აღზრდით ქართული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. მის მიერ დაფუძნებული ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სტუდია „გნოლი“ დღეს უკვე 90-მდე მოზარდს აერთიანებს და არაერთი წარმატების, ლაურეატისა და გრან-პრის ტიტულის მფლობელია.

2026 წელი ანა გულედანისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია — იგი თავის ანსამბლთან ერთად „პერსონა 2026“-ის საპატიო ტიტულს მიიღებს. ეს აღიარება განსაკუთრებით სიმბოლურია იმ ადამიანისთვის, რომელმაც საკუთარი პროფესიული გამოცდილება და სიყვარული ქართული ფოლკლორისადმი ახალი თაობის აღზრდას მიუძღვნა.

ანა გულედანისთვის მუსიკა მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ცხოვრების გზა, რომელიც ბავშვობიდან დაიწყო, ოჯახში გაღვივებული სიყვარულით გაგრძელდა და დღეს უკვე ათეულობით ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრებაში გრძელდება.

— როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული ქართული ფოლკლორის მიმართ და როდის მიხვდით, რომ მუსიკა თქვენი ცხოვრების მთავარი გზა იქნებოდა?

მუსიკა ჩემს ცხოვრებაში სამი წლის ასაკიდანაა. ზოგჯერ მგონია, რომ მუსიკის სიყვარული დაბადებიდან თან მდევს. ამ სიყვარულის გაღვივებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის დედაჩემს.

განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ მძიმე პერიოდს გავდიოდით, რასაც დევნილობა ჰქვია — მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ — დედამ ოთხივე ქალიშვილში ჩადო მთელი თავისი რესურსი და სიყვარული ქართული სიმღერის, ცეკვისა და ზოგადად ქართული კულტურის მიმართ.

სწორედ ასე, სიმღერითა და ცეკვით, სხვადასხვა მიმართულების შესწავლით გავიზარდეთ. ამიტომ მუსიკა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის — ის ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი ბავშვობა, ოჯახი და ის ფასეულობები, რომლებიც დღემდე მომყვება.

— 2023 წელს დააფუძნეთ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სტუდია „გნოლი“. რა იყო მისი შექმნის მთავარი იდეა და რას ნიშნავს თქვენთვის პირადად ეს სტუდია?

სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად სტუდიის შექმნაზე საერთოდ არ მიფიქრია. „გნოლის“ შექმნის ისტორია საკმაოდ სპონტანურად დაიწყო.

დიდი ინსპირაცია ეკუთვნის ჩემი შვილის, მარიამის, დამრიგებელს — ქალბატონ თამრიკო ტრაპაიძეს. მისი იდეით, კლასიდან რამდენიმე მოსწავლე შევარჩიე და სახლში, სრულიად უანგაროდ, რვა ბავშვს ვამეცადინებდი.

იმ პერიოდში ჩემი მეოთხე შვილი, ნიკოლოზი, ჯერ პატარა იყო და სტუდიის შექმნაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. თუმცა ბავშვების მონდომებამ, მათმა სიყოჩაღემ და ქალბატონი თამრიკოს მხარდაჭერამ პირველი ნაბიჯი გადაგვადგმევინა.

ჩვენი პირველი საჯარო გამოსვლა 2022 წლის 26 მაისს, ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში შედგა. ეს იყო ჩვენი დებიუტი — სულ რვა ბავშვით.

რადგან პირველმა ნაბიჯმა გაამართლა, გაჩნდა მეტი მსურველი და 2023 წლის სექტემბერში, მეუღლის დიდი ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში უკვე შეიქმნა ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სტუდია „გნოლი“.

დღეს „გნოლი“ ჩემთვის უბრალოდ სტუდია აღარ არის. ის არის სივრცე, სადაც ბავშვები და მოზარდები ქართულ კულტურას ეცნობიან, სწავლობენ, მეგობრობენ და საკუთარ შესაძლებლობებს ავითარებენ.

— დღეს „გნოლი“ უკვე 90-მდე მოზარდს აერთიანებს. როგორ ახერხებთ ახალგაზრდა თაობაში ქართული ფოლკლორის სიყვარულისა და ეროვნული კულტურისადმი ინტერესის გაღვივებას?

ჩვენს სტუდიაში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან. ეს განსაკუთრებით მახარებს, რადგან გვყავს ისეთი მსურველებიც, რომლებმაც ბავშვობაში ვერ შეძლეს საკუთარი სურვილის ასრულება და ახლა, უკვე დიდ ასაკში, ბავშვობის ოცნებებს ისრულებენ.

რაც შეეხება ბავშვებსა და მოზარდებს, მათი სიყვარული და სწრაფვა ხალხური საკრავებისა და სიმღერის მიმართ, ვფიქრობ, თავისთავად მოდის. მე ამას უფლის წყალობადაც ვხედავ.

მიხარია, რომ მოდის თაობა, რომელსაც ქართული ფოლკლორის მიმართ დიდი ინტერესი აქვს. ჩემი მთავარი ამოცანაა, მათ ეს სიყვარული კიდევ უფრო გავუღვივო, მივცე ცოდნა, გამოცდილება და ის საფუძველი, რომ მომავალში თავადაც შეძლონ ამ ტრადიციის გაგრძელება.

— თქვენ ოთხი შვილის დედა ხართ და ამავდროულად აქტიურად ეწევით პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას. როგორ უთავსებთ ერთმანეთს დედობასა და პროფესიულ საქმიანობას და რა ადგილი უჭირავს თქვენს ოჯახს თქვენს წარმატებაში?

ყველა საქმეს სჭირდება გვერდში მდგომი ადამიანი, ჩემს შემთხვევაში კი ეს უდიდესი წყალობა და ხელშეწყობა ჩემი მეუღლისგან მოდის.

რომ არა მისი ჩართულობა, მხარდაჭერა და ძალისხმევა, შესაძლოა ჩემი ათწლიანი გამოცდილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლ „გორდელაში“ ფუჭად დარჩენილიყო. ოთხი შვილით ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ვიცოდი, რომ ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა.

ჩემი ოთხივე შვილი ჩემთან ერთადაა ჩართული ფოლკლორის სამყაროში. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.

როცა საყვარელ საქმეს ეჭიდები, უფლის წყალობაც მოდის და შეუძლებელი არაფერია.

— სტუდია „გნოლმა“ უკვე არაერთი წარმატება, ლაურეატისა და გრან-პრის ტიტული მოიპოვა. რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიზანი და სამომავლო ხედვა?

ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერა და საკრავებზე დაკვრა ისე, რომ მომავალში თავადაც შეძლოს ამ ცოდნის ახალი თაობისთვის გადაცემა და პედაგოგიური მოღვაწეობა.

სწორედ ეს არის ის გზა, რომელიც ჩემმა ხელმძღვანელმა, ბატონმა თამაზ მამალაძემ, „გორდელას“ თითოეულ წევრში ჩადო — ცოდნისა და სიყვარულის შემდეგ თაობაზე გადაცემა.

მინდა, „გნოლშიც“ სწორედ ეს ტრადიცია გაგრძელდეს: ისწავლონ, შეიყვარონ, შეინარჩუნონ და მომავალ თაობას გადასცენ ქართული ფოლკლორი.

დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ამისთვის პირველ რიგში უფალს ვმადლობ და, რა თქმა უნდა, „გნოლის“ თითოეულ ღირსეულ წევრს, რომლის შრომისა და მონდომების დამსახურებითაც ვაღწევთ ჩვენს წარმატებებს.

Comments


მადლობა!

bottom of page