
თამთა კვირკელია — ქართული ფოლკლორისა და მომავალი თაობის სამსახურში
Updated: 6 days ago
თამთა კვირკელია — ქართული ფოლკლორისა და მომავალი თაობის სამსახურში
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“ წარმოგიდგენთ „პერსონა 2026“-ის ტიტულზე წარდგენილ თამთა კვირკელიას, რომელიც წლებია გურიაში მოღვაწეობს და საქმიანობას ბავშვების განათლებას, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და მათი შემოქმედებითი განვითარებას უკავშირებს.
მისი მთავარი მიმართულებები პედაგოგიკა და ქართული ფოლკლორია. დაწყებითი კლასების პედაგოგობა და ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელობა მისთვის ერთიან საქმეს წარმოადგენს — ბავშვებზე ზრუნვას, მათი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებას.
ანსამბლი „მარულა“ დაახლოებით 100 ბავშვს აერთიანებს. ისინი სწავლობენ ხალხურ სიმღერასა და ფოლკლორულ საკრავებს, იძენენ სასცენო გამოცდილებას და ავითარებენ გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობის, დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის უნარებს.
თამუნა კვირკველიასთვის ქართული ფოლკლორი მხოლოდ პროფესია არ არის — ეს ოჯახიდან მიღებული ღირებულებაა, რომელსაც ახლა ბავშვებს გადასცემს.
„პერსონა 2026“-ის ტიტულზე წარდგენილი თამთა კვირკელია საკუთარ პროფესიულ გზაზე, ბავშვებთან მუშაობასა და ქართული ფოლკლორის მომავალ თაობამდე მიტანაზე გვესაუბრება.
ქართული ფოლკლორის სიყვარული ბავშვობიდან, ოჯახიდან და განსაკუთრებით ბებიისგან დაგეუფლათ. რა გავლენა იქონია ამ გარემომ თქვენს პიროვნებასა და პროფესიულ გზაზე?
ფოლკლორი ჩემთვის ბავშვობიდანვე ცხოვრების ნაწილია. მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, ჩემს სამ დასთან ერთად ვმღეროდი და სხვადასხვა საკრავზე ვუკრავდი.
ამ გამოცდილებამ პროფესიული არჩევანი განმაპირობა. მივხვდი, რომ ის, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო, მომავალ თაობასაც უნდა გადასცემოდა. ამიტომ დღეს ქართული ფოლკლორის ბავშვებისთვის სწავლება და პოპულარიზაცია ჩემი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა.
ანსამბლი „მარულა“ დაახლოებით 100 ბავშვს აერთიანებს. რას ნიშნავს თქვენთვის მისი ხელმძღვანელობა და რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
ბავშვებთან მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ მათგანს განსხვავებული შესაძლებლობა, ხასიათი და ინტერესი აქვს, ამიტომ ჩემი მიზანია, ყველამ საკუთარი ადგილი იპოვოს.
„მარულაში“ ბავშვები სწავლობენ ხალხურ სიმღერას, ფოლკლორულ საკრავებსა და სასცენო უნარებს, ასევე დისციპლინას, გუნდურ მუშაობას, პასუხისმგებლობასა და ურთიერთპატივისცემას. მინდა, მათ ქართული ფოლკლორი შევაყვარო და საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მივცე.
რა როლი შეუძლია შეასრულოს ხელოვნებამ ახალი თაობის აღზრდაში?
გუნდური მუსიკა ბავშვებს ასწავლის ერთმანეთის მოსმენას, თანამშრომლობას, მოთმინებასა და პასუხისმგებლობას.
სცენაზე გამოსვლისას ისინი საკუთარ შესაძლებლობებში რწმენასა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იძენენ. ამიტომ ხელოვნებას, განათლებასთან ერთად, ბავშვის პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.
როგორ უთავსებთ ერთმანეთს პედაგოგიურ საქმიანობასა და ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელობას?
პედაგოგიური საქმიანობა და „მარულას“ ხელმძღვანელობა ჩემთვის განცალკევებული საქმეები არ არის. ორივე შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებლობა ბავშვების განვითარება და მათში შესაძლებლობების აღმოჩენაა.
დაწყებით კლასებში ბავშვებს აკადემიურ ცოდნასთან ერთად ურთიერთობას, პასუხისმგებლობასა და დამოუკიდებლობას ვასწავლი, ანსამბლში კი ამავე ღირებულებებს მუსიკისა და ფოლკლორის საშუალებით ვუვითარებ. ორი მიმართულების შეთავსება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა ბავშვებთან მუშაობა ჩემი პროფესიული ცხოვრების მთავარი ნაწილია.
რას ნიშნავს თქვენთვის „პერსონა 2026“-ის ტიტულზე წარდგენა და რას უსურვებდით თქვენს მოსწავლეებს?
ეს ჩემთვის მრავალწლიანი საქმიანობის შეფასება და აღიარებაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ აღიარება ბავშვებთან და კულტურასთან მუშაობას უკავშირდება.
ჩემს ყველა მოსწავლესა და „მარულას“ ყოფილ თუ ამჟამინდელ წევრს ვუსურვებ, ჰქონდეთ მიზანი, იშრომონ მის მისაღწევად და არასოდეს დაკარგონ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.
თუ რომელიმე ბავშვს საკუთარი ნიჭის აღმოჩენაში, განვითარებაში ან მიზნის დასახვაში დავეხმარე, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია.



Comments