top of page

Ჯილდო "ჩირაღდანის" - ქართული ფოლკლორისა და მუსიკის პოპულარიზაციისთვის

  • 31 minutes ago
  • 2 min read

ქართული ეროვნული მუსიკის, ფოლკლორისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“ წლის ტიტულზე, ნომინაციაში „ნაციონალური მუსიკის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“, ფოლკლორულ ინსტრუმენტულ ანსამბლ „ჩირაღდანს“ და მის დამფუძნებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, მუსიკოსსა და ფოლკლორისტ გიორგი მერაბიშვილს წარადგენს.

ანსამბლი „ჩირაღდანი“ 2015 წელს ქალაქ თბილისში დაარსდა და უკვე ათწლეულზე მეტია, ქართული ფოლკლორის ერთგულ მსახურად რჩება. გიორგი მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, კოლექტივი წარმატებით აერთიანებს შემოქმედებით და საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის მთავარი მიზანი ქართული ხალხური მუსიკის, ეროვნული საკრავებისა და ფოლკლორული ტრადიციების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა.

დღეს „ჩირაღდანი“ რამდენიმე ფილიალს აერთიანებს, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ეროვნულ საკრავებზე დაკვრის ხელოვნებას. ანსამბლი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა თაობაში ეროვნული თვითშეგნების, კულტურული ღირებულებებისა და ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის სიყვარულის გაღრმავებას.

კოლექტივის რეპერტუარი გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერებსა და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, კლასიკურ მუსიკას, ფოლკლორის თანამედროვე ინტერპრეტაციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის მუსიკალურ ნიმუშებს. სწორედ ეს მრავალფეროვნება „ჩირაღდანს“ საშუალებას აძლევს, წარმატებით წარდგეს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სცენებზე.

დაარსებიდან დღემდე ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს საქალაქო, რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებსა და კულტურულ ღონისძიებებში. „ჩირაღდანი“ არაერთი პრესტიჟული პროექტისა და ფესტივალის მოწვეული მონაწილეა, სადაც ღირსეულად წარმოადგენს ქართულ მუსიკალურ კულტურას.

ანსამბლის პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი შრომა არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოთია დაფასებული. კოლექტივი ფლობს მადლობის სიგელებს, პირველი ხარისხის დიპლომებს, ოქროს მედლებსა და სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულის ტიტულებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 2026 წელს მიღწეული წარმატება, როდესაც ანსამბლი კონკურს „იპოვე შენი ვარსკვლავის“ გრან-პრის მფლობელი გახდა. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს „ჩირაღდნის“ მაღალ პროფესიულ დონეს, საშემსრულებლო ოსტატობასა და ქართული ეროვნული მუსიკისადმი ერთგულებას.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაშიც. იგი მონაწილეობს ეროვნული პროექტ „ეტალონის“ ღონისძიებებში, საერთაშორისო კულტურულ პროექტებსა და სხვადასხვა ინიციატივაში, სადაც ახალგაზრდა თაობასთან ერთად ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას.

დღეს „ჩირაღდანი“ განაგრძობს აქტიურ შემოქმედებით, საგანმანათლებლო და საკონცერტო საქმიანობას. გიორგი მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ანსამბლი ღირსეულად აგრძელებს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას, ეროვნული ტრადიციების დაცვასა და მომავალი თაობების კულტურულ აღზრდას.

სწორედ ამ მრავალწლიანი, წარმატებული და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“ ფოლკლორულ ინსტრუმენტულ ანსამბლ „ჩირაღდანს“ და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი მერაბიშვილს, „ნაციონალური მუსიკის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის“ წლის ტიტულზე წარადგენს.

Comments


მადლობა!

bottom of page