top of page

თინათინ მუხურაძე და ანსამბლი „ნერგები“ — ქართული ფოლკლორის ერთგული მსახურები

  • 3 days ago
  • 2 min read

თინათინ მუხურაძე და ანსამბლი „ნერგები“ — ქართული ფოლკლორის ერთგული მსახურები

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა 2026“ რეგიონში ქართული ფოლკლორის ღირსეულ წარმოჩენასა და წარმატებულ მოღვაწეობისთვის წლის ტიტულზე წარადგენს დაბა წაღვერის საქალაქო კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლ „ნერგების“ ხელმძღვანელს, თინათინ მუხურაძეს. ამავე პროექტის ფარგლებში „ეთნოპერსონა 2026“-ის ტიტულზე წარდგენილია ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ნერგები“.

თინათინ მუხურაძის ცხოვრება და საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართულ ხალხურ სიმღერასთან. ფოლკლორის სიყვარული მის ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბავშვობიდან გაჩნდა. მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება დედამ ჩამოუყალიბა, რომელმაც პირველი ნაბიჯები გადაადგმევინა ქართული სიმღერის სამყაროში. და-ძმასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებასა და კონცერტში შესრულებული ხალხური სიმღერები იმ მყარ საფუძვლად იქცა, რომელმაც მომავალში მისი ცხოვრების გზა განსაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო და პროფესიული საქმიანობა სხვა მიმართულებით განაგრძო, ქართული ფოლკლორისადმი სიყვარული არასოდეს განელებულა. საბოლოოდ მან საკუთარი მოწოდება იპოვა — ქართული ხალხური სიმღერისა და ეროვნული ტრადიციების სიყვარული მომავალი თაობებისთვის გადაეცა.

ოთხი წლის წინ თინათინ მუხურაძემ მუშაობა დაიწყო დაბა წაღვერის საქალაქო კულტურის სახლში ქართული ხალხური სიმღერების შემსწავლელი წრის ხელმძღვანელად. მისი თავდადების, შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგად, მცირე წრე დროთა განმავლობაში ერთიან, ძლიერ და წარმატებულ კოლექტივად ჩამოყალიბდა. ასე შეიქმნა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ნერგები“, რომელიც დღეს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების მონაწილე და გამარჯვებულია.

ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ კონცერტებსა და კულტურულ პროექტებში, სადაც ღირსეულად წარმოაჩენს ქართულ ფოლკლორსა და ეროვნულ ტრადიციებს. განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსზე, სადაც ორჯერ მიიღო მონაწილეობა და ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვა.

„ნერგები“ მხოლოდ მუსიკალური ანსამბლი არ არის. ეს არის დიდი ოჯახი, რომელიც ქართული კულტურის სიყვარულზე, მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. აქ თითოეული ბავშვი, როგორც პატარა ნერგი, ეზიარება ეროვნულ ფესვებს, იზრდება ქართული სიმღერისა და ტრადიციების გარემოცვაში და მომავალში ამ კულტურული მემკვიდრეობის ღირსეულ გამგრძელებლად ყალიბდება.

თინათინ მუხურაძის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ფოლკლორის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში. მისი მრავალწლიანი შრომა, თავდადება და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილი განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს, რაც „პერსონა 2026“-ის წარდგენით კიდევ ერთხელ დასტურდება.

Comments


მადლობა!

bottom of page