
ფოლკლორული ანსამბლი „შილდელო“ მისი ხელმძღვანელი მაია მირინაშვილი „პერსონა 2026“-ის ტიტულით დაჯილდოვდებიან
- Jul 7
- 2 min read
ფოლკლორული ანსამბლი „შილდელო“ მისი ხელმძღვანელი მაია მირინაშვილი „პერსონა 2026“-ის ტიტულით დაჯილდოვდებიან
ქართული ფოლკლორის განვითარებასა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ფოლკლორული ანსამბლი „შილდელო“ და მისი ხელმძღვანელი მაია მირინაშვილი „პერსონა 2026“-ის საპატიო ტიტულის მფლობელები გახდებიან.
ანსამბლი „შილდელო“, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ახალგაზრდა კოლექტივია, უკვე გამოირჩევა პროფესიონალიზმით, ქართული ტრადიციებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი საქმიანობით. ანსამბლის მთავარი მისიაა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ახალგაზრდა თაობისთვის კულტურული ფასეულობების გაცნობა.
მაია მირინაშვილის თქმით, ანსამბლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ქართული ტრადიციებისა და კულტურის სიყვარულია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა წევრმა გააცნობიეროს, რომ ფოლკლორი მხოლოდ სიმღერა და ცეკვა არ არის — ეს ჩვენი ისტორია, იდენტობა და წინაპრებისგან მიღებული უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობაა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ურთიერთპატივისცემას, გუნდურობასა და პასუხისმგებლობას.“
ხელმძღვანელი თანამედროვე გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებში ტრადიციული კულტურისადმი ინტერესის შენარჩუნება დღეს განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს.
„თანამედროვე მუსიკის ძლიერი გავლენის პირობებში მნიშვნელოვანია, ფოლკლორი ახალგაზრდებს თანამედროვე ფორმით შევთავაზოთ. კონცერტები, ფესტივალები და სოციალური ქსელები საუკეთესო საშუალებაა იმის საჩვენებლად, რომ ქართული ფოლკლორი ცოცხალი, საინტერესო და თანამედროვე ცხოვრებასთან სრულ თანხვედრაში მყოფი ხელოვნებაა.“
მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, მის ისტორიაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა. მაია მირინაშვილი განსაკუთრებული ემოციით იხსენებს გამოსვლას კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში.
„ეს კონცერტი თითოეული ჩვენგანისთვის დაუვიწყარი იყო. ის ემოცია, რომელიც იმ საღამოს ვიგრძენით, მთელი ცხოვრება გაგვყვება.“
მისივე შეფასებით, წარმატებული კოლექტივის საფუძველი პროფესიონალიზმი, შრომა, დისციპლინა და ურთიერთპატივისცემაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელსა და ანსამბლის წევრებს შორის არსებობდეს ნდობა, საერთო მიზანი და მუდმივი განვითარების სურვილი. როდესაც კოლექტივი ერთ დიდ ოჯახად იქცევა, წარმატებაც ბუნებრივად მოდის.“
მაია მირინაშვილი განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ბავშვების ფოლკლორულ ანსამბლებში ჩართულობის მნიშვნელობაზე და მშობლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„ფოლკლორულ ანსამბლში ბავშვები მხოლოდ სიმღერასა და ცეკვას არ სწავლობენ. ისინი ეცნობიან ქართულ კულტურას, იძენენ მეგობრებს, უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, სცენური გამოცდილება და გუნდური მუშაობის უნარი. ეს საუკეთესო ინვესტიციაა ბავშვის კულტურულ, პიროვნულ და სულიერ განვითარებაში.“
„პერსონა 2026“-ის ტიტული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ანსამბლ „ილდელოსა“ და მისი ხელმძღვანელის, მაია მირინაშვილის, თავდადებულ საქმიანობას, რომელიც ქართული ფოლკლორის შენარჩუნებას, განვითარებასა და მომავალი თაობებისთვის ეროვნული ფასეულობების გადაცემას ემსახურება.



Comments