top of page

Ნანა ლიპარტელიანი,, პერსონა 2025" წლის ტიტულს მიიღებს. - წარმატებული ემიგრანტი ქალის ისტორია

  • iosebkreformatv
  • Aug 11
  • 2 min read

ree

ნანა ლიპარტელიანი — „პერსონა 2025“-ის ტიტულის მფლობელი: „სიყვარულით და პასუხისმგებლობით ვაგრძელებ ქართული კულტურის გზას, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან შორს ვარ“

„პერსონა 2025“-ის ტიტული წელს მიენიჭა ნანა ლიპარტელიანს — ემიგრაციაში მყოფ ქართველ ქალს, რომელმაც საფრანგეთში არა მხოლოდ საკუთარი ადგილი იპოვა, არამედ ღირსეულად წარმოსახავს საქართველოს კულტურასა და ღირებულებებს. მისი ცხოვრება არის ძლიერი ნების, პროფესიული წარმატებებისა და სიყვარულით სავსე ჰუმანიტარული საქმიანობის მაგალითი. ნანა ლიპარტელიანი მუშაობს „წითელ ჯვარში“, მფარველობს 27 მინდობით აღსაზრდელ ბავშვს, არის პრემია „ივერია ბრილიანტის“ ოფიციალური წარმომადგენელი საფრანგეთში და მუსიკალური პლატფორმა StarMaker-ის საერთაშორისო ჟიურის წევრი. ამ ინტერვიუში ის გვიყვება საკუთარ გზაზე — ბავშვობიდან დღემდე.

ინტერვიუ ნანა ლიპარტელიანთან

ქალბატონო ნანა, დავიწყოთ ბავშვობიდან. სად დაიბადეთ და როგორი იყო თქვენი მშობლიური კუთხე?

დავიბადე და გავიზარდე ლენტეხში — ულამაზეს, სულიერად გამორჩეულ კუთხეში, რომელსაც სიყვარულით „ქალაქ-სამოთხეს“ ვეძახი. იქ ვსწავლობდი ლენტეხის საშუალო სკოლაში და პარალელურად მუსიკალურ სკოლაში, სადაც მასწავლებელი მყავდა ქალბატონი თამარ კიკაბიძე, ლეგენდარული დათო კიკაბიძის დედა.

განათლება საქართველოში მიიღეთ, ხომ ასეა?

დიახ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, პარალელურად კი იურიდიული განათლებაც მივიღე. პროფესიული გზა ბიბლიოთეკაში დავიწყე, შემდეგ კი თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილებაში ვმუშაობდი.

როგორ აღმოჩნდით საფრანგეთში?

ეს ჩემი მეუღლის გადაწყვეტილება იყო. 23 წელზე მეტია, რაც ემიგრაციაში ვარ. დატოვებული მაქვს არა მხოლოდ სამსახური, არამედ სამშობლოც, თუმცა ყოველთვის ვცდილობ ჩემი ფესვები შევინარჩუნო.

როგორი იყო თქვენი კარიერული გზა საფრანგეთში?

ჩემი ქართული დიპლომები ევროპულად აღიარეს. პირდაპირ ჟურნალისტიკასა და იურისტიკაში არ მიმუშავია, მაგრამ ავირჩიე სოციალური სფერო — მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა აღზრდა და ინტეგრაცია. შესაბამისი დიპლომიც მივიღე და ახლა „წითელ ჯვარში“ ვმუშაობ ედუკატორ-რეფერანტად. მყავს 27 მინდობით აღსაზრდელი ბავშვი, რომლებსაც ყოველდღიურად ვეხმარები.

თარჯიმნობაც თქვენი საქმიანობის ნაწილია?

დიახ, ქართულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე მაქვს ლიცენზია. თარჯიმნად მუშაობა ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ემოციური პასუხისმგებლობაა, ამიტომ ზოგჯერ დროებით ვწყვეტ, შემდეგ კი განვაგრძობ.

თქვენი ოჯახიც საკმაოდ წარმატებულია.

სამი შვილი მყავს. ვაჟი, ირაკლი, წარმატებული ძიუდოისტია და საფრანგეთის სახელით არაერთ საერთაშორისო ტურნირზე გაუმარჯვია. ერთი ქალიშვილი უცხო ენების სპეციალისტია, უმცროსი კი სტუდენტია. თუმცა ჩემს თავს მხოლოდ სამი შვილის დედად არ ვთვლი — ბევრად მეტ ბავშვს მფარველობ და მათაც ვუყვარვარ, როგორც ნამდვილი დედა.

თქვენ კულტურულ პროექტებშიც ხართ ჩართული.

უკვე ხუთი წელია მსოფლიო პლატფორმა StarMaker-ში ვმონაწილეობ. ვიყავი პირველი ქართველი, ვინც კონკურსებში ჩაერთო. ახლა ასეულობით წევრისგან შემდგარი ჟიურის მუდმივი წევრი ვარ და ყოველ შაბათს აქტიურად ვმონაწილეობ შეფასებებში.

და თავადაც შექმენით ქართული მუსიკალური პროექტი?

დიახ, ჩემი ინიციატივით შეიქმნა კონკურსი „საქართველოს ხმა მსოფლიოს“. ის დღემდე წარმატებით მიმდინარეობს და საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ სიმღერას პოპულარიზებას უწევს.

მუსიკალურ სფეროში საკმაოდ ბევრი აღიარება გაქვთ მიღებული.

ვმღერი სხვადასხვა ენაზე და მსოფლიო კონკურსებში უკვე ორმოცამდე დიპლომი და სიგელი მაქვს. ეს ჩემთვის არა მხოლოდ წარმატების, არამედ სამშობლოს ღირსეულად წარმოჩენის საშუალებაა.

მშობლებსა და ოჯახურ ფესვებზე რას გვეტყვით?

მამა, ჯამბული ლიპარტელიანი, ლენტეხის თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, რეზო ჩხეიძის ახლო მეგობარი. დედა, ქალბატონი ბაბილინა, უკვე 30 წელზე მეტია ქვემო სვანეთის ბიბლიოთეკების გაერთიანებას ხელმძღვანელობს. ძმა, მამუკა, უნიჭიერესი არქიტექტორი, მხატვარი და მწერალია. მისი წიგნი მალე გამოიცემა.

ბოლოს, როგორ განსაზღვრავთ საკუთარ გზას?

ვარ ძლიერი ქართველი ქალი, რომელიც სიყვარულითა და პასუხისმგებლობით აგრძელებს კულტურისა და ჰუმანიტარული მისიის გზას, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან შორს ვიმყოფები.

 
 
 

Comments


მადლობა!

bottom of page