
,, სხივის" წარმატებები და "პერსონა 2026" წლის ტიტული
- iosebkreformatv
- 2 days ago
- 1 min read
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“ ყოველწლიურად აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეულ პროფესიონალებს. „პერსონა 2026“-ის ტიტულზე ასევე, „ეთნო, პერსონა“ კატეგორიაში წელს ნომინირებულნი არიან ქორეოგრაფები გიორგი მიქელაძე და მარიამ გელაძე, ასევე მათ მიერ დაარსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სხივი“.
გიორგი მიქელაძე 2000 წლის 10 მარტს დაიბადა. იგი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ოფშკვითში გაიზარდა და განათლება ოფშკვითის საჯარო სკოლაში მიიღო. ცეკვისადმი ინტერესი ბავშვობიდან გამოავლინა და უკვე 6 წლის ასაკში დაიწყო ქორეოგრაფიული საქმიანობა. წლების განმავლობაში სხვადასხვა ანსამბლში მოღვაწეობის შემდეგ, 16 წლის ასაკში ჩაირიცხა ქუთაისის ა. ვასაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის ქორეოგრაფიულ განყოფილებაში. კოლეჯში ოთხწლიანი სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროფესიული საქმიანობა განაგრძო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ერისაში“, ცნობილი ქორეოგრაფის, პაატა ქარქაშაძის ხელმძღვანელობით.
მარიამ გელაძე 2004 წლის 2 მაისს, ქალაქ ქუთაისში დაიბადა. მან განათლება ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში მიიღო. ცეკვა მანაც ბავშვობიდან აირჩია ცხოვრების გზად და 6 წლის ასაკიდან აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლში. 17 წლის ასაკში წარმატებით დაასრულა ხელოვნების სკოლის ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა, რის შემდეგაც პროფესიული საქმიანობა გააგრძელა ანსამბლ „ერისაში“, სადაც შეხვდა მომავალ მეუღლეს — გიორგი მიქელაძეს.
მათი პროფესიული ინტერესებისა და საერთო მიზნების ერთიანობამ წყვილი არა მხოლოდ ცხოვრების, არამედ შემოქმედებით პარტნიორებადაც აქცია. ოჯახური ცხოვრების დაწყებიდან მალევე გიორგი მიქელაძემ და მარიამ გელაძემ დააარსეს ქორეოგრაფიული ანსამბლი „სხივი“, რომელსაც უკვე სამი წელია წარმატებით ხელმძღვანელობენ. დღეს ისინი ერთი ვაჟის მშობლები არიან და პარალელურად აქტიურად აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას.
ანსამბლი „სხივი“ აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში. კოლექტივს არაერთი საპრიზო ადგილი და გრან-პრი აქვს მოპოვებული. გიორგი მიქელაძე და მარიამ გელაძე მუდმივად ისწრაფვიან განვითარებისკენ და მიზნად ისახავენ ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
მათი შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი და ქართული კულტურისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ღირსეულად იმსახურებენ „პერსონა 2026“-ის ნომინაციას.



Comments