top of page

Შორენა სონგულია "პერსონა 2026" წლის ტიტულს მიიღებს

  • Jul 4
  • 2 min read

ზუგდიდისა და სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული სტომატოლოგი, შორენა სონგულია, „საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია – პერსონა 2026“-ის საპატიო ტიტულის მფლობელი გახდება. მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა, მაღალი კვალიფიკაცია, პაციენტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და საზოგადოებრივი აღიარება გახდა ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მინიჭების საფუძველი.

შორენა სონგულია იმ ექიმთა შორისაა, რომელთა პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში პაციენტებში განსაკუთრებულ ნდობას აყალიბებს. მისთვის სტომატოლოგია მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა, ჰუმანურობა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

თუმცა, ქალბატონი შორენას საქმიანობა მხოლოდ მედიცინით არ შემოიფარგლება. იგი შემოქმედი ადამიანიცაა – წერს ლექსებს, ხოლო მის ტექსტებზე არაერთი სიმღერაა შექმნილი. მის ცხოვრებაში მედიცინა და პოეზია ერთიანდება საერთო ღირებულებაში – ადამიანის კეთილდღეობასა და სულიერ გამდიდრებაში.

როგორც თავად აღნიშნავს, პროფესიული გზა მხოლოდ საქმიანობის არჩევა არ არის – იგი ღირებულებების, პასუხისმგებლობისა და ცხოვრებისეული მიზნების ერთობლიობაა. მისი აზრით, სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობას იცავს, ხოლო პოეზია – მის სულიერ სამყაროს ამდიდრებს.

„ყოველი პაციენტი ჩემთვის ინდივიდუალური სამყაროა, რომელსაც სჭირდება არა მხოლოდ პროფესიული დახმარება, არამედ ყურადღება, მოთმინება და თანაგრძნობა. სწორედ ამიტომ, პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა ჩემი ყოველდღიური პასუხისმგებლობაა,“ – ამბობს შორენა სონგულია.

მისივე თქმით, პოეზია მისთვის ემოციების, სიყვარულისა და ადამიანური ღირებულებების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც, მედიცინა და შემოქმედება მის ცხოვრებაში ერთმანეთისგან განცალკევებული სფეროები არ არის – ორივე ადამიანის სამსახურს ემსახურება.

შორენა სონგულიას ცხოვრებისეული კრედო ეფუძნება რწმენას, რომ პროფესიონალიზმი და ადამიანურობა განუყოფელია. იგი მიიჩნევს, რომ ცოდნას ნამდვილი ფასი მაშინ აქვს, როდესაც მას თან ახლავს სიკეთე, პატივისცემა, პასუხისმგებლობა და ადამიანების დახმარების გულწრფელი სურვილი.

როგორც თავად წერს:

„ვიცხოვრო ისე, რომ პროფესიით ადამიანებს ჯანმრთელობა ვაჩუქო, ხოლო სიტყვით – იმედი, სითბო და სიყვარული.“

ხელოვნებაზე საუბრისას კი აღნიშნავს:

„ხელოვნება ხომ ქართველი კაცის სულის დვრიტაა, კაცობრიობის ბედნიერი გაზაფხული, რომელსაც ძალუძს თავის სარბიელზე უთვალავი უჭკნობი ყვავილი დააფრქვიოს.“

მისი პოეზიიდან:

„პოეზია ჩემი სულის

ემბაზი და სავანეა.

ლექსები კი გრძნობების

და სიყვარულის სათავეა.“

და კიდევ:

„სულში ჩაღვრილი სითბო წვეთებად...

ეს რა ლამაზი დილა თენდება.

ათინათებად მზის სხივი მათოვს,

ზღვა ემოცია მიპყრობს და მათბობს...“

ჰიპოკრატეს ფიცისა და მუზის მარად ერთგული დოქტორი შორენა სონგულია თავისი პროფესიული საქმიანობითა და შემოქმედებით ღირსეულად აერთიანებს მედიცინისა და ხელოვნების სამყაროს.

სწორედ პროფესიული წარმატების, მაღალი საზოგადოებრივი ნდობის, ჰუმანური საქმიანობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის შორენა სონგულია „საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია – პერსონა 2026“-ის საპატიო ტიტულით დაჯილდოვდება

Comments


მადლობა!

bottom of page