თამარ დგებუაძე და ანსამბლი " ქორეოგენი" "პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება
- iosebkreformatv
- 2 days ago
- 2 min read
Ქართული ცეკვა ქართული კულტურის განუყოფელი და მთავარი შემადგენელი ნაწილი გახლავთ. ქართულ ქორეოგრაფიაში მრავალი ოჯახი თაობიდან თაობას გადასცემს ცეკვის სიყვარულსა და ტრადიციას. ჩვენი რესპონდენტი სწორედ ასეთი ოჯახის წარმომადგენელია – ბავშვობიდანვე ქართულ ცეკვასთან გაზრდილი, დღეს უკვე საკუთარი ანსამბლის ხელმძღვანელი გახლავთ.
Თამარ დგებუაძემ ქორეოგრაფიული ანსამბლი,, ქორეოგენი" 2021 წელს ჩამოაყალიბა და დღემდე წარმატებით უძღვება მას.
როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ქართულ ცეკვასთან და როდის მიხვდით, რომ ეს თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა?
როდესაც ვიყავი 4 წლის, ხშირად დავყავდით მე და ჩემს დას ბაბუას სარეპეტიციო დარბაზში, სადაც მიმდინარეობდა ქართული ცეკვის რეპეტიცია. ძალიან მომწონდა მისი დამოკიდებულება ბავშვების და ცეკვის მიმართ. შემდეგ უკვე მამაჩემთან შევედი 5 წლიდან ცეკვაზე და მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემი ნაწილი იყო, როგორც ჩემი ოჯახის წევრებისთვის. როცა ვიყავი 8 წლის, მეგობრობის დღიურში მეწერა, რომ მოცეკვავე და ქორეოგრაფი უნდა გამოვსულიყავი.
რატომ გადაწყვიტეთ წყალტუბოში დაბრუნება და როგორია თქვენი ურთიერთობა მოსწავლეებთან?
წყალტუბოში ცოტახნის წინ დავბრუნდი, მთელი გულით მინდოდა ბაბუაჩემის გზა გამეგრძელებინა ამ ქალაქში მისი ხსოვნის და სახელის საპატივცემულოდ. გამიმართლა ბავშვებში – აქ ისე უყვართ ცეკვა, როგორც იშვიათად სადმე. თუ რეპეტიცია 5 წუთით ადრე დავამთავრე, მიპროტესტებენ და მეჩხუბებიან, რომ დრო არ გასულა! მთელი გრძნობით ცეკვავენ და ამას უცხო ადამიანებიც აღნიშნავენ, როცა სოციალურ ქსელში მათ ვიდეოებს ვტვირთავ. საოცარია მათი დამოკიდებულება – ხანდახან მგონია, რომ ეს ბავშვები უფალმა გამომიგზავნა.
როდის დააფუძნეთ თქვენი ანსამბლი და როგორ დაიწყო მისი საქმიანობა?
ანსამბლი ჩამოვაყალიბე 2021 წლის 15 მაისს. სტუდია უკვე 2 წელია მოღვაწეობს ქორეოგრაფიულ სფეროში და ამ დროის განმავლობაში მე-7 კონცერტი ჩავატარეთ.
რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ცეკვას თანამედროვე კულტურასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში?
ქართულ ცეკვას ქართულ თანამედროვე კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან იგი ერთგვარი ხიდია ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. საუკუნეების განმავლობაში ქართულ ცეკვას ჰქონდა ეროვნული თვითმყოფადობის გამტარებლობის ფუნქცია. დღესაც, მიუხედავად გლობალიზაციისა, იგი რჩება იმ ფენომენად, რომელიც ქართველს უცხოეთში ყველაზე კარგად წარმოაჩენს.
როგორც ქართული პოლიფონია, ისე ქართული ცეკვა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. ტურიზმშიც დიდ როლს თამაშობს – უცხოელებს ყოველთვის აოცებთ მისი ენერგია, სიზუსტე და ესთეტიკა.
ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემი ყველა ოჯახის წევრი ამ დიდ ხელოვნებაში იყო და არის მთელი სულით. ვფიქრობ, გამიმართლა, რომ მოცეკვავეების ოჯახში დავიბადე. ვამაყობ ჩემი ოჯახითა და ღირსეული ადამიანებით.
რა მიზნები გაქვთ თქვენს ანსამბლთან დაკავშირებით და როგორ დაარქვით მას სახელი?
ძალიან მინდა, რომ ჩემი ანსამბლი ერთ-ერთი წარმატებული და სახელგანთქმული გახდეს, როგორც „რომან დგებუაძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი“. სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემს ანსამბლს „ქორეოგენი“ – „ქორეო“ ცეკვას ნიშნავს, „გენი“ კი ჩემი გენეტიკიდან გამომდინარე დავამატე და ასე გამოვიდა ულამაზესი სახელი – „ქორეოგენი, ცეკვის გენი“.
მინდა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოვადგინო ჩემი ანსამბლი. ყველა გეგმა ჩემს ანსამბლს უკავშირდება და ვიცი, რომ გამომივა. ბაბუის თანადგომას ვგრძნობ ზეციდან.
Comments