top of page

Ნათია ღვინიაშვილი და ანსამბლი "ხმა მესხეთიდან" "პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება

  • iosebkreformatv
  • Nov 4
  • 1 min read

ნათია ღვინიაშვილი და ანსამბლი „ხმა მესხეთიდან“ – ტრადიციისა და სიყვარულის ხმა


ახალგაზრდა ხელოვანი ქალბატონი ნათია ღვინიაშვილი ახალციხიდან ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისი სიმღერისადმი სიყვარული ბავშვობიდან იღებს სათავეს, დღეს კი უკვე მისი ხელმძღვანელობით დაარსებული ფოლკლორული ანსამბლი „ხმა მესხეთიდან“ დიდი წარმატებით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, ნათია ღვინიაშვილი და ანსამბლი „ხმა მესხეთიდან“ დაჯილდოვდებიან „პერსონა 2025“-ის წლის ტიტულით.

> „ქართული სიმღერა ჩემთვის მხოლოდ სასიმღერო მელოდია არ არის — ეს სულიერი მდგომარეობაა, როცა გულიდან ამოსული სიტყვები ჰაერს ერწყმის და ასე მიდის მსმენელამდე. ოდითგანვე ქართველმა კაცმა ომიც, სიხარულიც, ტკივილიც და სიყვარულიც სიმღერაში ჩააქსოვა. ამიტომაც, ქართული სიმღერა ჩემთვის ჩემი წარმომავლობის, ტრადიციისა და იდენტობის ხმაა, რომელსაც ვერაფერი შეედრება,“ — ამბობს ნათია ღვინიაშვილი.


მისი თქმით, ყველაზე ბედნიერი სწორედ იმ დროსაა, როცა სცენაზე დგას და მაყურებლის სიყვარულს გრძნობს:

> „ყველაზე გულწრფელი შემფასებელი ხომ მაყურებელია — მათი სიყვარულით სავსე თვალები, აპლოდისმენტები და ოვაციები დიდ მოტივაციას მაძლევს. ეს ძალა და სტიმულია, რომ მომავალში კიდევ მეტი გავაკეთო.“


ანსამბლი „ხმა მესხეთიდან“ უკვე ოთხი წელია წარმატებით საქმიანობს ახალციხესა და ადიგენის რაიონში. როგორც ნათია გვიყვება, ორივე ფილიალს თავად ხელმძღვანელობს:


> „ანსამბლში ამ ეტაპზე ასამდე მოსწავლე ირიცხება. მეამაყება თითოეული ბავშვი და მათი სიყვარული ტრადიციული სიმღერისადმი. მიხარია, რომ მცირეოდენი წვლილი მეც შემაქვს ამ ეროვნულ საქმეში.“


ნათიას განსაკუთრებულად ახარებს ახალგაზრდა თაობის ინტერესიც:


> „საოცრად ნიჭიერი თაობაა. თუ მოინდომეს, უკიდეგანოა მათი შესაძლებლობები. მიხარია, რომ უყვართ ქართული სიმღერა, აინტერესებთ და აცოცხლებენ წინაპართა დანატოვარს.“


სამომავლოდ ანსამბლს არაერთი საინტერესო გეგმა აქვს:


> „მთავარია გვქონდეს მშვიდობა. წინ ბევრი პროექტი, ფესტივალი და გასტროლი გველის. 2026 წელს კი ანსამბლის დაარსებიდან 5 წლის საიუბილეო საღამოს ვგეგმავთ, სადაც განახლებული რეპერტუარით წარვსდგებით მაყურებლის წინაშე.“


ნათია ღვინიაშვილი და მისი ანსამბლი ნამდვილად ამტკიცებენ, რომ ქართული ფოლკლორი არა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობაა, არამედ ცოცხალი, ემოციური და მომავალში მიმართული ხელოვნება — ჩვენი იდენტობის ნამდვილი ხმა.

Comments


მადლობა!

bottom of page