top of page

Შორენა მწითურიძე "პერსონა 2025" წლის ტიტულს მიიღებს

  • iosebkreformatv
  • Sep 25
  • 2 min read

შორენა მწითურიძე – ქორეოგრაფიის მსახური და „პერსონა 2025“-ის ტიტულის მფლობელი


შორენა მწითურიძე კასპში ორ ანსამბლს ხელმძღვანელობს და მისი წარმატებული კარიერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში ქართული ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში. სწორედ ამიტომ, იგი „პერსონა 2025“-ის ტიტულს მიიღებს.


ბავშვობის გატაცება, რომელიც დიდ სიყვარულად იქცა


„ბავშვობაში ტელევიზორში ცეკვებს, რომ ვუყურებდი, მეც ვიმეორებდი, როგორც შემეძლო. ჩემთვის ცეკვა ისეთი მომაჯადოებელი იყო, რომ გაპრანჭული ვცეკვავდი. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ჩემს მშობლებს და 7 წლის ასაკში შემომიყვანეს ქალაქ კასპში ცეკვის ანსამბლ ‘დიდგორი’.“ – იხსენებს შორენა.


სტუდიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მან ცეკვა იმავე ანსამბლში განაგრძო. „ჩემთვის ბედნიერება იყო ანსამბლში ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ რევაზ ჭოხონელიძე, ტარიელ მილაძე, ტარიელ ბახტაძე და ქეთევან მონასელიძე.“


ცეკვის პარალელურად შორენამ დაამთავრა ქორეოგრაფიული სახალხო უნივერსიტეტი, ოჯახში კი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა პედაგოგთა სამყარო. „ასე გახდა ცეკვა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი,“ – ამბობს ის.


პედაგოგის გზა და ახალი ანსამბლების შექმნა


„ჩვენს რეგიონში საუკეთესო დამოკიდებულება აქვს მომავალ თაობას ქართული ცეკვის მიმართ. მომავალი თაობა აღტაცებულია ცეკვით, მოსწონთ და აფასებენ ქართულ ტრადიციებს და კულტურას,“ – ამბობს შორენა.


„დიდგორის“ შემდეგ ის მუშაობდა კასპის მეორე, მესამე და მეექვსე საბავშვო ბაღებში ქორეოგრაფად. „მოგეხსენებათ, ცეკვა ერთი რამაა და პედაგოგობა – სულ სხვა,“ – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ბავშვებთან მუშაობამ დიდი გამოცდილება შესძინა.


შემდგომში სოფელ თვალდის კულტურის ცენტრში მან დააარსა ცეკვის ანსამბლი „კავთურა“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. მოგვიანებით, მშობლიურ კავთისხევში ქორეოგრაფად მუშაობის შემდეგ, შორენამ დააფუძნა ახალი ანსამბლი – „ტაშარი“.

„ეს სახელი ტარიელ შარიფაშვილის სახელისა და გვარის ინიციალებია. ტარიელი იყო აფხაზეთის ომის დროს კასპის ბატალიონის უფროსი, რომელმაც სამშობლოს სიყვარულს შესწირა თავი. სწორედ მისი უკვდავი სულის საპატივცემულოდ ქვია ანსამბლს ეს სახელი.“


ქართული ცეკვის სიდიადე


„ქართულ ცეკვას ქართულ კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ცეკვა ჩვენი ცხოვრება და ყოფაა. ჟესტიკულაციით, მოძრაობით, შესაფერისი ჩაცმულობითა და მუსიკით ვყვებით საქართველოს შესახებ – მის ტრადიციებზე და კულტურაზე. ვყვებით ჩვენს ისტორიას, რაც გულგრილს არავის ტოვებს.“


მისი თქმით, ქორეოგრაფია დიდი ტიტანური შრომაა, რომელსაც მხოლოდ სიყვარულით შეიძლება მიუდგე. „მაყურებლის ოვაცია ჩვენთვის – მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფისთვის – მრავლის მთქმელია. ბედნიერებაა, როცა მაყურებელი გიყვარს და შენც მათგან სიყვარულს გრძნობ.“

Comments


მადლობა!

bottom of page