
ხათუნა ჩიტორელიძე - პედაგოგი, რომლის ცხოვრება სიყვარულითა და შემოქმედებითია სავსე
- iosebkreformatv
- Nov 3
- 2 min read
ხათუნა ჩიტორელიძე — პედაგოგი, რომლის ცხოვრება სიყვარულითა და შემოქმედებითია სავსე
პედაგოგობა ხათუნა ჩიტორელიძისთვის უბრალოდ პროფესია არ არის — ეს მისი ცხოვრების გზა და ბავშვობის ოცნებაა. როგორც თავად იხსენებს, ჯერ კიდევ პატარა ასაკში უყვარდა მასწავლებლობანა:
„ხშირად რვეულში ვაკეთებდი „ჟურნალს“, ვიწერდი გამოგონილ სახელებსა და გვარებს, ვუწერდი ნიშნებს... ვთამაშობდი მასწავლებლობანას, და რაც დრო გადიოდა, მით მეტად მიყვარდებოდა ეს პროფესია. ჩემს არჩევანზე უდიდესი გავლენა ჩემმა პედაგოგებმა მოახდინეს. პროფესიის არჩევისას ბევრი არც მიფიქრია — ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი მოწოდება,“ — ამბობს ის ღიმილით.
პედაგოგიური მოღვაწეობა ხათუნამ გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში მიხვდა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის სიხარულის და შთაგონების წყაროა:
„პატარებთან მუშაობისას ვიგრძენი, რომ ეს საქმე ნამდვილად ჩემი საქმე იყო. ასე დაიწყო ჩემი გზა, რომელიც დღემდე გრძელდება დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით.“
მოსწავლეთა განვითარება და მათი პროგრესი მისი მთავარი მოტივაციაა.
„როცა ვხედავ, როგორ იზრდებიან და ვითარდებიან, როცა მათ ნდობასა და სითბოს ვგრძნობ — ეს ჩემთვის უდიდესი ჯილდო და სტიმულია. თითოეულ მათგანთან ურთიერთობა ახალს მასწავლის და ახალი ენერგიით მავსებს,“ — ამბობს ხათუნა ჩიტორელიძე.
დღეს ის თავის საქმიანობას ორ ნაწილად ჰყოფს — დღის პირველ ნახევარში სკოლაში ასწავლის, ხოლო მეორე ნახევარში რეპეტიტორად მუშაობს:
„ეს ორი საქმე ერთმანეთს ავსებს. ორივეგან ერთი მიზანი მაქვს — ცოდნის გაღრმავება, განვითარება და ბავშვებში სწავლისადმი ინტერესის გაღვივება.“
ხათუნას სწავლის სტილი თანამშრომლობაზე და ინდივიდუალურ მიდგომაზეა დაფუძნებული.
„ვცდილობ, პირველ რიგში თითოეულ მოსწავლეში დავინახო მისი უნარი. ყველას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლა იყოს ცოცხალი და საინტერესო პროცესი. არ ვაწვდი მზა პასუხებს — ვეხმარები, რომ თავად იპოვონ გზა და გამოიტანონ დასკვნები. იშვიათად ვიყენებ მზა სავარჯიშოებს, რადგან ყველაფერს თავად ვამზადებ ეროვნული სასწავლო გეგმისა და გამოცდების პროგრამის შესაბამისად,“ — განმარტავს ის.
თანამედროვე თაობაზე საუბრისას ხათუნა ოპტიმისტურად უყურებს მომავალს, თუმცა ზოგჯერ სევდიანადაც:
„დღევანდელ ახალგაზრდებს დიდი შესაძლებლობები და ხელშეწყობა აქვთ. როცა პოულობენ საკუთარ ინტერესს, ძალიან მოტივირებულები და აქტიურები ხდებიან. სწორი მიდგომით შეუძლიათ დიდი მიზნების მიღწევა. თუმცა გული მტკივა, როცა ვხედავ, როგორ ანაცვლებს წიგნს ტექნოლოგიები. ძალიან მინდა, რომ მომავალ თაობებს არ დაეკარგოთ წიგნის სიყვარული — ეს ხომ სიბრძნისა და შინაგანი სამყაროს გაღრმავების ყველაზე ნამდვილი გზაა.“
ხათუნა ჩიტორელიძე არის პედაგოგი, რომლის საქმიანობაც სიყვარულზე, ემოციასა და ზრუნვაზეა დაფუძნებული. მისთვის სწავლება მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, ბავშვის სამყაროს გახსნა და მისი შესაძლებლობების აღმოჩენაა.





Comments