top of page

,,წარსულით შექმნილი მომავალი" - ნარგიზა კუტალიას ცხოვრების გზა

  • iosebkreformatv
  • Feb 8
  • 3 min read

ნარგიზა კუტალია პედაგოგი ჭიათურიდან, რომელიც ყველას ერთნაირად უყვარს დიდსა და პატარასაც. პროფესია რომელიც მან ცხოვრების მეგზურად აირჩია პედაგოგობა გახლავთ . ის მომავალ თაობას ცოდნასა და სიყვარულს აღიარებს.

ნარგიზა კუტალია ,,პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.

ნარგიზა კუტალია: „თუ მიიქცევი წარსულის ჭვრეტად და მოიხილავ რამდენი სამეფო დაეცა და აღიგავა პირისაგან მიწისა, რამდენი ნათელი მოევლინა ქვეყანას და რამდენი ვარსკვლავი დაეცა სამყაროს გასაბრწყინებლად, შენ შეძლებ წინასწარ განჭვრიტო მერმისიც. მართლაც, ის წარსულის ზუსტი ასლი იქნება მხოლოდ, რადგან ვერაფერი ვერ დაარღვევს ჟამთასვლისა და ბედის ტრიალის დღევანდელ რიტმს.

ბავშობაში ამას ვფიქრობდი და იმის ცდაში გართულს, გაამართლებდა თუ არა ეს წინასწარმეტყველება მომავალში, მომავალიც შემომეპარა. თუმცა რა მიკვირს „გუშინ“ უკვე წარსულია და „ხვალ“-უკვე მომავალი. მეც მერმისი წამში „შემომიძვრებოდა“ და სულ ვრწმუნდებოდი, რომ ოცნება არ არის მხოლოდ წარმოსახვა, მასში არის რაღაც რეალური. რას ვგულისხმობ? რა თქმა უნდა, მასწავლებლის პროფესიას.

ამ პროფესიაში, მართლად ჩადებულია წარსული, აწმყო და მერმისიც... მე ყოველთვის მხიბლავდა და მხიბლავს მასწავლებლის მზე. რატომ მზე? თავად უნდა იყო მზე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ გათბობა, გაბრწყინება, გაცისკროვნება... ცოტა თამამი ნათქვამია, მაგრამ ჭეშმარიტებაა. ცხოვრება მშვენიერია, მითუმეტეს, როდესაც ბავშვებთან გიწევს ურთიერთობა.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, საპროგრამოა ცნობილი მოღვაწეების ბრძნული გამონათქვამები :

• სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არამც თუ სვე-ბედი მარტო მომავლის თაობისა, არამედ სვე-ბედი თვითონ ქვეყნისაც, რადგანაც ქვეყნის მომავალი მომავლის თაობის კუთვნილია და, მაშასადამე, მის ხელთ იქმნება

(ილია ჭავჭავაძე).

• სკოლის მასწავლებელნი ფლობენ ისეთი ძალაუფლებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ (უინსტონ ჩერჩილი).

• მასწავლებელი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია, რთული საგნები მარტივად აქციოს (ემერსონი).

• მასწავლებელი უნდა იყოს მსახიობი, მხატვარი, უსაზღვროდ შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე (ანტონ ჩეხოვი).

მასწავლებლის პროფესია რთულია, საჭიროებს გამბედაობას. ე.ი. თუ ასწავლი მაშინ ხარ მამაცი, ერთგული და თავდაუზოგავი. ამ პრინციპით ვიარე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. იყო ბევრი გამოწვევა, მაგრამ ყველაფერს ვუმკლავდებოდი სიამოვნებით და მოტივირებულად.

ბევრი სიძნელეები იყო, თუმცა არასდროს არ ვიყავი მარტო. ვიყავი იმდენი, რამდენი მოსწავლეც მყავდა. ვიღაცას მკაცრი მოვწონდი, ვიღასაც - მომღიმარი. ვიღაც განაწყენებული იყო, შენიშვნა რომ მივეცი. თუმცა ჩემი სტრატეგია, ვფიქრობ, რომ ძირითადად ამართლებდა.

პედაგოგის წინაშე ანთებული ზოგჯერ ჩამქრალი თვალებია, რომლებიც იმედით გიყურებენ. მათ სჭირდებათ პრობლემებთან მებრძოლი, განათლებული, ოპტიმისტი მასწავლებელი.

მიყვარს ეს პროფესია. პატივს ვცემ ყველა მოსწავლეს, რომელიც გაბრუნებს უკან, ბავშობაში და ხდები მარადმწვანე.

თუ გინდა სხვას ასწავლო, მაშინ თავად უნდა სწავლობდე მუდმივად, უნდა ვითარდებოდე, უნდა გარდაისახო და მოსწავლის პოზიციიდან უყურებდე სამყაროს.

როცა კლასში შედიხარ, შენი პრობლემები კარებთან უნდა დატოვო და მთლიანად უნდა გადაერთო მათთან ურთიერთობაზე. საკლასო ოთახში მაცოცხლებელ ძალასავით გეკვრის ის თბილი გარემო, ის გულწრფელი ემოციები და გრძნობები, რომლებიც მოსწავლეებს გააჩნიათ.

ქრება ასაკობრივი ბარიერი. მათი აზრები შენი მეგობარია. ხიდად უნდა იქცე, ხეზე ასვლა და ჩამოსვლა უნდა ასწავლო, მართალი სიტყვა უნდა იცოდე და იცოდეს, განათლებული უნდა იყო და გაანათლო თავად მოსწავლეები... თუ არ უყვარს უნდა შეაყვარო.

საკუთარმა პრაქტიკამ ბევრი რამ მასწავლა. თითოეული სასწალო წელი გაჯერებულია ახალი იდეებით. ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო, გუშაგად უნდა გადაიქცე , უნდა ლავირებდე, ყველა სიტუაციას უნდა მოერგო. ბავშვებთან ურთიერთობა და მათი სიყვარული , ის მთავარი ღირებულებაა, რაც მასწავლებელს უნდა გააჩნდეს.

ვარ თუ არა კარგი მასწავლებელი? ყველაფერი ისე გამომდის, როგორც საჭიროა? ნამდვილად ის პროფესიაა მასწავლებლობა, სადაც საკუთარი თავის რეალიზება შევძელი? - ეს კითხვები ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის. მე, როგორც მასწავლებელი, ხშირად ვდგავარ პროფესიული გამოწვევების წინაშე. კონკრეტულად, განსხვავებული ხასიათი, მიზნები, მოსწავლეთა ქცევის ნორმები... ვცდილობ, ყოველთვის მოთმინებით შევეგუო არსებულ სიტუაციას კლასში.

ყველა პროფესიის ადამიანს მასწავლებელი ზრდის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში.

ამაზე რთული, მაგრამ სასარგებლო საქმე არ მეგულება ქვეყანაზე...

ჩვენ ვემსახურებით მომავალ თაობას, ზოგი ძალიან ზოგი ნაკლებად წარმატებულია, თუმცა მთავარია ოჯახისა და სამშობლოს ერთგულები არიან, ისინი ხშირად გამოხატავენ მადლიერებას ეს იგრძნობა მათ დამოკიდებულებაში.

მე ვმუშაობ საკუთარი ქვეყნის, საქართველოსთვის რაც განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე, მომავალი თაობის აღზრდით გამოიხატება.

ბედნიერებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის სასიცოცხლო საქმეს ვაკეთებ-ვზრუნავთ,რომ მომავალი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ.

ჩვენ, ერთად, ჩვენი ქვეყნის მომავლის გასაღებს ვეძებთ... ვსწავლობთ, ვინ ვართ, რანი ვიყავით, რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნისათვის.

მთავარია, არ მოვწყდეთ ფესვებს. თუ ფესვები ძლიერი გვექნება, ეროვნული ღირებულებების დაფასება გვეცოდინება, მსოფლიო ისტორიას უფრო შევიმეცნებთ... ეს არის ჩემი მთავარი მსოფლმხედველობა...

მე ამ პროფესიამ ბევრი სასიამოვნო მოგონება დამიტოვა და ველოდები კიდეც...

ჩემი შვილები დღეს პედაგოგები არიან. მათი კლასის ხელმძღვანელი და ისტორიის მასწავლებელი მე ვიყავი. ამ ურთიერთობამ კიდე უფრო ჩამომაყალიბა და გამომაწრთო.

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყოფილი მასწავლებელი არ ავიწყდებათ, ხან გესტუმრებიან, ხან გწერენ თბილ წერილებს და იგონებენ გარდასულ დღეებს... მიხარია მშობლების მადლიერება და კოლეგებთან კომუნიკაცია.

წლებია, ამ კომუნიკაციას ვამყარებ მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან. ძნელია, მაგრამ შესაძლებელი ... ყოველთვის ორიენტირებული ვარ მოსწავლის შედეგზე. ჩემდა სასიხარულოდ ძალიან ხშირად მესმის ფრაზები: „მადლობა, მასწავლებელო“, „ თქვენ შემაყვარეთ ისტორია“ ... ბევრმა ყოფილმა მოსწავლემ აირჩია ისტორიკოსობა. მწერენ, ვპასუხობთ ერთმანეთს, ვაანალიზებთ, ვზრუნავთ მომავალზე.

მე მხიბლავს ჩემი პროფესია თავისი სასკოლო და არაფორმალური განათლებით.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ სკოლა ერთი დიდი ჯადოსნური სამყარო თავისი მრავალფეროვნებით, პერსონაჟებით, სიძნელებითა თუ გამოწვევებით. ემსახურებოდე ასეთ სფეროს დიდი ბედნიერებაა ...


მინდა ყველა პედაგოგს ვუსურვო დიდი წარმატება... ვიყოთ ,, ბურჯი ეროვნებისა’’...


 
 
 

Comments


მადლობა!

bottom of page