
,,იურისტთა საერთაშოეისო საზოგადოება" პროფესიული ვიზიტით ათენში იმყოფებოდა
- May 9
- 1 min read
იურისტთა საერთაშორისო საზოგადოებამ 2026 წლის 26-29 აპრილს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში განახორციელა კულტურულ-შემეცნებითი და პროფესიული ვიზიტი სახელწოდებით —
„ქართული და ბერძნული მართლმსაჯულების სისტემები: გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკა“.
კულტურულ-შემეცნებით ვიზიტში მონაწილეობდნენ იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების მოქმედი სამართალმცოდნე წევრები.
ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის წევრებმა გამართეს საქმიანი შეხვედრები საბერძნეთში მოღვაწე ქართველ და ბერძენ ადვოკატებთან და იურისტებთან, სადაც გაიმართა ღრმა პროფესიული და სამართლებრივი დიალოგი. დისკუსიები შეეხო როგორც ქართული, ისე ბერძნული სამართლებრივი სისტემების წინაშე არსებულ გამოწვევებს, პრაქტიკულ თავისებურებებს, ემიგრანტთა სამართლებრივ საჭიროებებსა და მათთვის ეფექტიანი იურიდიული დახმარების მექანიზმებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესს, რომელშიც ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლად მონაწილეობდა საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი ნანა აბულაძე. აღნიშნულმა შესაძლებლობამ ორგანიზაციის წევრებს მისცა საშუალება, ცხადად დაკვირვებოდნენ ბერძნული მართლმსაჯულების პრაქტიკას, შეედარებინათ იგი ქართულ სასამართლო მოდელთან, გამოეკვეთათ როგორც არსებითი განსხვავებები, ასევე საერთო სამართლებრივი პრინციპები.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, შეხვედრები გაიმართა ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ემიგრანტების სამართლებრივ გამოწვევებსა და საჭიროებებს. იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა აქტიური მხარდაჭერა აღმოუჩინონ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, საფუძველი ჩაუყარონ მჭიდრო თანამშრომლობას დიასპორულ ორგანიზაციებთან და შექმნან ეფექტიანი კომუნიკაციისა და დახმარების მექანიზმები.
აღსანიშნავია, ამ მიმართულებით, ორგანიზაციამ უკვე დანერგა უფასო იურიდიული კონსულტაციის სერვისი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ფორმატში და მიზნად ისახავს ემიგრანტებისთვის დროული და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფას უფასოდ.
ვიზიტი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტით, საქმიანი და კოლეგიალური გარემოთი, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტში მონაწილე იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების წევრებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ წარმატებულ და აქტიურ ჩართულობას
იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება მომავალშიც განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და თითოეული მოქალაქის, მათ შორის ემიგრანტების უფლებების დაცვას.



Comments