
Ბესო ლომსაძე და თეატრალური სტუდია,, ჭინჭრაქა" ,, პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება
- iosebkreformatv
- Apr 25
- 3 min read
Ბესო ლომსაძე და თეატრალური სტუდია,, ჭინჭრაქა" ,, პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.
Დაჯილდოვების ცერემონია 2013 წლიდან იმართება და სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის ყოველწლიურად 60 ადამიანი და მათ შორის ორგანიზაცია ჯილდოვდება.
Გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ ბესო ლომსაძეთან.
რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული აღზრდა განვითარებისთვის თეატრი ბავშვისთვის?
ზოგადად, ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე სამი მხარე ზრუნავს. ოჯახი (მშობლები), საგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა, ბაღი) და სახელოვნებო თუ სასპორტო დაწესებულება. ეს სამეული ქმნის სამკუთხედს, რომელიც ზრუნავს ბავშვის აღზრდაზე. სასურველია, სამივე რგოლი ურთიერთკავშირში იყოს ერთმანეთთან.
რაც შეეხება თეატრალურ სტუდიას. თეატრი სინთეზური ხელოვნებაა და ხელოვნების ყველა დარგს შეიცავს მეტნაკლებად. ბავშვი ეუფლება მუსიკას, ცეკვას, იუმჯობესებს მეტყველებას, დიქციას. თეატრში მსახიობის გონება მუდმივად მუშაობს, ასეა თეატრალურ სტუდიაშიც. აქ არის საუბრები ყველა თემაზე, როლზე მუშაობისას უწევთ მასალების მოძიება, ფიქრი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლაზე, წიგნების კითხვა, თეატრი ასწავლის ურთიერთობას, შავ-თეთრის გარჩევას. მშობელი ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე თეატრის გავლენას ბაშვზე, ისინი ხშირად მეუბნებიან ხოლმე: აი თეატრში მოსვლის შემდეგ შეცვალა მათი შვილი, გახდა უფრო თავისუფალი, კომუნიკაბელური, ცოტა ეშმაკუნაც, უკომპლექსო, სკოლაში დაეტყო სწავლას, წერს თავისუფალ თემებს უკეთესად, ვიდრე ადრე, მსჯელობს, გაუჩნდა თვითკრიტიკა და ასე შემდეგ.
როგორ ფიქრობთ რამდენად დიდია ინტერესი ახალ თაობაში თეატრის მიმართ?
საბედნიეროდ, თუკი ცოტა ხნის წინ თეატრები ჩიოდნენ მაყურებლის სიმცირეზე, ახლა ბილეთების შესაძენად ვაჟკაცობაა საჭირო. დარბაზებში ახალგაზრდობის სიმრავლეა. ვფიქრობ, დიდი ინტერესი გაჩნდა თეატრის მიმართ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საბავშვო ბაღებსა და სკოლებთან და სპექტაკლებზე ყოველთვის ანშლაგი გვაქვს. საკმარისია, გამოიფინოს აფიშა ან დააანონსდეს სპექტაკლის ჩვენება, გამოხმაურებაც მაშინვე ჩნდება და ეს ძალიან მახარებს
მოგვიყევით თქვენი თეატრის შესახებ?
1994 წელს მოსკოვის გამზირზე, კულტურის ცენტრში „განთიადი“ ჩემს მეგობართან, კობა კამკამიძესთან ერთად ჩამოვაყალიბე თეატრალური დასი. დავიწყე სპექტაკლზე მუშაობა (გიორგი ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“) და 1995 წლის 17 მაისს პრემიერაც შედგა. ამის შემდეგ დაერქვა თეატრს „ჭინჭრაქა“. მახსოვს, ჩემი პირველი თაობის ბავშვები (მათ შორის ჩემი და, ნესტან ლომსაძე) როგორი აღფრთოვანებითა და სიხარულით მორბოდნენ რეპეტიციებზე იმ სოციალური მდგომარეობის ფონზე, რომელიც 90 იან წლებში მძვინვარებდა. მაინც ვმუშაობდით უშუქობაში, გაყინულ დარბაზში. უტრანსპორტობის გამო რამდენი ათეული კილომეტრი გვაქვს გავლილი რეპეტიციაზე მისასვლელად. თუმცა თეატრის სიყვარული შეუძლებელს გვაკეთებინებდა. 2001 წლიდან თეატრი ჩემი მეგობრის, თამაზ ჭოლაძის დახმარებით საბავშვო მუსიკალურ თეატრად გარდაიქმნა. აქედან გამომდინარე დღემდე იდგმევა მუსიკალური სპექტაკლები და მიუზიკლები.
ამ 30 წლის განმავლობაში მრავალი ქარტეხილი და ხელისშემშლელი პირობების გავლამ მოგვიწია, რამდენჯერმე შევიცვალეთ შენობა, ვიყავით ყოფილი კინოთეატრ „ვარძია“-ში, რომელიც გაიყიდა და დღეს სავაჭრო ცენტრია (როგორც ბევრი მსგავსი კულტურული ობიექტი), ვიყავით 83-ე საჯარო სკოლაში, რომელიც დაინგრა, ამას დაემატა პანდემია და ჩვენი დასიც დაშლის პირას დადგა, მაგრამ კეთილი ადამიანების და მშობლების ძალისხმევით, აგრეთვე ჩემი უმაგრესი პედაგოგების (ნათია ფრანგიშვილი, მაგდა ბენიძე) გვერდში დგომით შენობის პრობლემაც მოვაგვარეთ და სტუდიამაც განაგრძო მუშაობა.
დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრ „განთიადში“ (დიდი მადლობა პაატა და შმაგი ანდრიაძეებს დახმარებისათვის) გვაქვს ბინა, 50 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი და ყველანაირი პირობები ბავშვებისათვის, რომელთა რაოდენობა 100 მდეა გაზრდილი. ჩვენთან ტარდება მეტყველების (პედაგოგი ბაჩო მარკოზაშვილი), მსახიობის ოსტატობის, ვოკალის, ცეკვის გაკვეთილები. თეატრი არის თეატრალური და ხელოვნების ფესტივალების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზის მფლობელი. რეპერტუარშია რამდენიმე საბავშვო სპექტაკლი, რომელიც შაბათ-კვირას იმართება ჩვენთან. გაიხსნა ფილიალები 106-ე საჯარო სკოლასა და ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემიაში (ვარკეთილი). მუშაობს გიტარის შემსწავლელი წრე.
როგორია თქვენი დამოკიდებულება თეატრის მიმართ?
ბავშვობიდან მქონდა ინტერესი სცენის მიმართ, რაც ჩემი მშობლების დიდი დამსახურებაა. დავდიოდი თანამედროვე თუ ქართული ცეკვის სტუდიებში, ჩართული ვიყავი მხატვრული კითხვის წრეში, შემდეგ მოდის სკოლის დრამწრე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორის წრე, და ბოლოს, 10 წლის ასაკიდან იმ დროისთვის ერთ-ერთ ცნობილ და სახელოვან ბავშვთა და მოზარდთა სახალხო თეატრ „ბერიკონი“-ს (ხელმძღვანელი რამაზ გულუა) წევრი ვიყავი. ამ თეატრმა საერთოდ „მომწამლა“ და დიდი რაოდენობის სცენის მტვერი გადამაყლაპა. დღემდე თეატრი ცხოვრობს ჩემში და მეც თეატრში ვცხოვრობ.
5 სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ
როგორც ყოველთვის, ახლაც უზარმაზარი გეგმები გვაქვს:
მაის-ივნისის თვეში გველის პრემიერები:
„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „ნაცარქექია“, „გვრიტი“, თოჯინური სპექტაკლი „უსამართლო ლომი“ (რეჟისორი ბესო ლომსაძე)
„ვირუკას საოცარი თავგადასავალი“ – (რეჟისორი რამაზ ბოლქვაძე)
„მეგობრები“ – (რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი)
სამგორის რაიონის გამგეობასთან ერთად განვახორციელებთ პროექტს „10 საბავშვო წარმოდგენა სამგორის რაიონის ბავშვებისათვის“. 24 მაისს თეატრი გაემგზავრება თელავში, ხოლო 25-26 მაისს სიღნაღში თეატრალურ ფესტივალებზე. მონაწილეობას მივიღებთ ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. 15-16 ივნისს სოლო კონცერტები გველის, ხოლო 18 ივნისს მცხეთაში საანგარიშო-საიუბილეო კონცერტი. 25-30 ივნისსა და 10-15 ივლისს პატარების და საშუალო ასაკის ჯგუფები ქობულეთის ხელოვნების ფესტივალში „მზიანი საქართველო“ ჩაერთვება, ხოლო უფროსების ჯგუფი სპექტაკლით „ქაჯანა“ 3-7 ივლისს ათენის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება.







Comments